logo
ENG



"არ ითანამშრომლოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან" - რუსეთი NATO-ს პირობებს უყენებს

18 დეკ 202115:21
3 წუთის საკითხავი
 
"არ ითანამშრომლოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან" - რუსეთი NATO-ს პირობებს უყენებს

2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც NATO-ს და აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს და კონკრეტულ პირობებსაც აყენებს. 

რუსეთი ნატოს შემდგომი გაფართოების და უკრაინასთან ალიანსის გამორიცხვას ითხოვს. ასევე, მოითხოვს, NATO-ს ჯარები 1997 წლის მაისის განლაგებას დაუბრუნდნენ, ანუ იმ პოზიციებზე დაბრუნდნენ, სანამ ალიანსში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიიღებდნენ. 

ასევე, რუსეთი აშშ-ს მიმართავს, არ შექმნას სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენოს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ განავითაროს მათთან სამხედრო თანამშრომლობა.

რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში NATO-ს მიემართება შემდეგი პირობები:

  • გამოირიცხოს ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში უკრაინის გაწევრიანება, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების; 
  • არ განთავსდეს NATO-ს დამატებითი ჯარები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე იყვნენ განლაგებულები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც მოხდება რუსეთისა და ნატოს წევრების თანხმობით;
  • უარი თქვას NATO-ს ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში; 
  • არ განათავსონ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები იქ, საიდანაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარტყმა;
  • შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში არ ჩაატაროს ბრიგადაზე მეტის წვრთნები და სხვა მოქმედებები და რეგულარულად გაცვალოს ინფორმაცია სამხედრო სწავლებების შესახებ; 
  • დაადასტურონ, რომ მხარეები ერთმანეთს არ თვლიან მოწინააღმდეგეებად, უზრუნველყონ თანხმობა ყველა დავის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან;
  • აიღონ ვალდებულება, რომ არ შექმნიან პირობებს, რაც შეიძლება მეორე მხარის მიერ საფრთხედ აღიქმებოდეს;
  • შეიქმნას ცხელი ხაზი სასწრაფო კონტაქტისთვის; 

რაც შეეხება პირობებს, რომლებიც აშშ-ს მიემართება, შემდეგია:

  • არ განათავსოს იარაღი და ძალები იმ რეგიონებში, სადაც ეს მეორე მხარის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ აღიქმება; 
  • თავი შეიკავონ ბირთვული და არაბირთვული მძიმე ბომბდამშენების ფრენისგან თავისი ქვეყნის ცის გარეთ, მათ შეუძლიათ სამიზნე გაანადგურონ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. 
  • თავი შეიკავონ სამხედრო გემების ყოფნისგან მათი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს მიღმა, საიდანაც შეუძლიათ, დაარტყან სამიზნეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. 
  • არ განთავსდეს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტები საზღვრებს გარეთ და იმ რაიონებში, საიდანაც მათ შეეძლებათ მეორე მხარის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმა;
  • თავი შეიკავონ ბირთვული იარაღის განლაგებისგან თავისი ქვეყნის გარეთ, ასევე, დააბრუნონ სხვა ქვეყანებში უკვე განლაგებული ბირთვული იარაღი და გააუქმონ ბირთვული იარაღის განლაგების ინფრასტრუქტურა; 
  • არ ჩატარდეს სამხედრო სწავლებები ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარით და არ მოხდეს არაბირთვული ქვეყნების ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მომზადება;
  • შეერთებული შტატებმა დადოს პირობა, რომ გამორიცხავს NATO-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და უარს იტყვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე;
  • ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, არ შექმნას სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენოს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ განავითაროს მათთან სამხედრო თანამშრომლობა.

რუსეთი დოკუმენტზე ნატოს წევრი ქვეყნების ხელმოწერებს ელის. 


close დახურვა